
ქართველი იუნკერები
ქართველ იუნკერთა სასწავლებლის, უფრო ზუსტად კი, ქართული სამხედრო სკოლის შექმნის იდეა, მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტროს ეკუთვნოდა. ამ იდეის განხორციელება იმ დროის ბრწყინვალე მხედართმთავარს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა.
მისი ენერგიისა და გარჯის შედეგად, სამხედრო სკოლაში პირველი მეცადინეობები უკვე 1919 წლის სექტემბერში დაიწყო. სახელი "იუნკრები" სკოლის კურსანტებს რუსული არმიიდან ინერციით გადმოჰყვა. სასწავლებელში მოხვედრა გასაუბრებისა და ფიზიკური შემოწმების შედეგად ხდებოდა. როგორც ირკვევა, სამხედრო სკოლაში მოხვედრის მსურველთა რიცხვი თავიდანვე გაცილებით აღემატებოდა შტატით განსაზღვრულ რაოდენობას. სწავლების კურსი ორ წელს მოიცავდა – პირველ წელს საერთო სამხედრო საქმეს, ხოლო მეორე წელს სპეციალიზებულ საგნებს ასწავლიდნენ. სწავლების დონეზე იუნკრებს სამხედრო დისციპლინებში მეფის რუსეთის არმიის საუკეთესო ოფიცრები ამზადებდნენ, ხოლო ისტორიას, ქართულ ლიტერატურასა და სხვა საგნებს ერის საუკეთესო წარმომადგენლები: ივანე ჯავახიშვილი, სარგის კაკაბაძე, ვასილ ბარნოვი ასწავლიდნენ. აღსანიშნავია, რომ ლექტორები ფაქტობრივად, უფასოდ მუშაობდნენ, რადგან, როგორც გიორგი კვინიტაძე იგონებს, სამხედრო სკოლაში მიღებული გასამრჯელო მათ ტრამვაით მგზავრობისათვისაც კი არ ჰყოფნიდათ. მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, სამხედრო სკოლა ენერგიული და პატრიოტი ხელმძღვანელების წყალობით, დემოკრატიული საქართველოს ქაოტური შეიარაღებული ძალების სამაგალითო შენაერთად იქცა.
ჟორდანიას მენშევიკურ ხელისუფლებას იუნკერთა სასწავლებლით არაერთხელ მოუწონებია თავი უცხოელი სტუმრებისა და ჟურნალისტების წინაშე. სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. ამის დასტურია 1920 წლის მაისის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმა. აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროშის აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. წითელ ხიდზე წამოწყებული იერიშის პარალელურად დაგეგმილი იყო ამბოხის მოწყობა თბილისშიც. გეგმის თანახმად, ბოლშევიკთა რაზმებს პირველ რიგში, სამხედრო სკოლა უნდა განეიარაღებინათ, შემდეგ კი, ხელში ჩაეგდოთ მთავრობა. ამ გაბედული გეგმის განხორციელება თავზეხელაღებულ ბოლშევიკს, სამეგრელოს წითელი რაზმების მეთაურს, საშა გეგეჭკორს ჰქონდა დავალებული. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. რამდენიმე ათეულმა ბოლშევიკმა თავდაპირველად მოახერხა მძინარე იუნკრების დატყვევება და იარაღის საცავის ხელში ჩაგდება. თუმცა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის გამბედავი ქმედების შედეგად იუნკრებმა მალევე მოახერხეს გუშაგთა განიარაღება და კონტრიერიშზე გადასვლა. საბოლოოდ, სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. შეტაკების შედეგად მოკლეს 3 თავდამსხმელი, სამი დატყვევებული ბოლშევიკი კი, მეორე დღეს სკოლის ეზოში საჯაროდ დახვრიტეს. იუნკერთაგან დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი კურსანტი. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა. თუმცა, ნამდვილი დიდება ახალგაზრდა ოფიცერთა ქართულ სასწავლებელს ავადსახსენებელი 1921 წლის თებერვლის მიწურულს ელოდა. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები სამხედრო სკოლამ საბრძოლო დავალება ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძისაგან 17 თებერვალს მიიღო. დავალების მიხედვით, ორ ათეულამდე ოფიცერს, იუნკერთა ასეულსა და ნაცვალთა ათასეულს, მოწინააღმდეგე კოჯორსა და შავნაბადას მონასტერს შორის არსებულ ფრონტზე უნდა შეეკავებინა. მებრძოლთა ეს რაოდენობა ამ მონაკვეთის ეფექტურად დასაცავად აშკარად მცირე იყო, მაგრამ გენერალ კვინიტაძეს არანაირი რეზერვი არ გააჩნდა. ყველაფერი იუნკერთა სიმამაცესა და უნარზე იყო დამოკიდებული (სამი დღის დაგვიანებით, იუნკრებს გვარდიის ათასეული და თბილისელ მოხალისეთა რაზმი მიაშველეს, თუმცა, ისინი პირველივე იერიშის დროს უკუიქცნენ. ცნობილი ფაქტია, რომ კოჯრის სიმაღლეზე მყოფი გვარდიის სარდალი, ვალიკო ჯუღელი ცრემლს ვერ იკავებდა, როდესაც უცქერდა, როგორ ერეკებოდნენ სანგრებისკენ ფრონტის ხაზიდან პანიკურად გაქცეულ 'სახელოვან' გვარდიელებს იუნკრები). იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი 'წითელი' იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე 'მაქსიმისაკენ'. მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა 'მაქსიმის' ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება. საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში. 26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. 'ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა' იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე. თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი. მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისაგან დაფლეთილი შალვა ერისთავის სხეულიცაა. და მაინც, რა იყო ამ ახალგაზრდა მებრძოლების გმირობის საიდუმლო? რატომ მოხდა, რომ სხვა ათასობით ჯარისკაცისათვის სამაგალითო გახდა 118 ახალწვერულვაშამოღერილი მებრძოლის საქციელი? ვფიქრობთ, პასუხი მარტივია იუნკრებს სხვა, არანაკლებ მამაცი ჯარისკაცებისგან ქართველებისათვის ზოგადად რთულად საგუებელი რკინის დისციპლინა განასხვავებდა. ბრძოლას რომ მხოლოდ სიმამაცით ვერ მოიგებ, ამის მაგალითები დღესაც უხვად გვაქვს. იუნკრებს კი კოჯორ-ტაბახმელასთან არც სანგრების გათხრა დაზარებიათ (მათი კვალი ალაგ-ალაგ დღესაც შეიმჩნევა), არც საგუშაგოზე დგომა და არც ბრძანების შესრულებაზე უთქვამთ უარი. მოკლედ რომ ვთქვათ, იუნკრები პროფესიონალი მეომრები იყვნენ. სწორედ ამიტომაც იდგნენ ისინი რამდენიმე თავით მაღლა მაშინდელი ქართული ჯარის სხვა შენაერთებზე.
